სიახლეები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოში პირველი VR Lab გაიხსნა

16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით,  ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე,  საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნა.

ლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებს.

გარდა ამისა, VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში, კერძოდ:

  • სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში;
  • კვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში;
  • მოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.

ლაბორატორია ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა მონაცემები დიდი მასშტაბისა და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით „დივაისებზე“ გადაიტანონ.

ვირტუალური/გაფართოებული რეალობის მოწყობილობები, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები, თავზე დასამაგრებელი მონიტორები (მაგ.: ოკულუსი) - ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე, მაგალითად: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დააპროექტო შენობები, გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი, შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები.