სიახლეები

ADOS-2-ის (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი -2) ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა

1-3 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ტრენერმა, იზაბელა ხოინიცკმა (ვარშავის უნივერსიტეტი), ADOS-2-ის (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი -2) ტრენინგი ჩატარდა.  ტრენინგის ფარგლებში, ათმა ქართველმა პროფესიონალმა (მათ შორის რეგიონებიდან) შეისწავლა ინსტრუმენტის სწორი ადმინისტრირება და კოდირება.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლის საფუძველზე ქართველ ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ინსტრუმენტიდ გამოყენებით ჩაატარონ აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირება.

ლიცენზირებული ტრენერის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" მიმდინარე პროექტის „აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ADOS-2-ის (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი -2) ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა“ ტრენინგის დაწყებამდე Western Psychological Services -გან შეიძინა ADOS-2-ის სახელმძღვანელოები, პროტოკოლები და სათამაშოების კომპლექტი, რომელიც აუტიზმის დიაგნოსტირებისას გამოიყენება. სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცათ ტრენინგის მონაწილეებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ჩეხეთის განვითარების სააგენტო.