სიახლეები

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი

23 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სტუმრობდნენ კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი მერიენ ჯექსონი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, ფოკუსირებული ქცევითი მეცნიერების ინსტიტუტის ქცევითი სერვისების პროგრამის მენეჯერი ჯეპი მოშელა. ერთი კვირის განმავლობაში მათ ქართველ კოლეგებს ჩაუტარეს კლინიკური სუპერვიზია; 28 ივლისს პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის ასპექტები, ხოლო 1-3 აგვისტოს გამართეს სემინარი აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ასაკობრივი ქცევის ძირითად საკითხებზე. სემინარში ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორები რეგიონებიდან - ასოციაცია „გზამკვლევი“ სამეგრელოდან, აბილიტაციის და განვითარების ცენტრი აჭარიდან და ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის იმერეთიდან. სულ 70 სპეციალისტი მონაწილეობდა აღნიშნულ სემინარში.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო მერიენ ჯექსონის მე-5 ვიზიტი საქართველოში. იგი, 2011 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად უწევს კლინიკურ სუპერვიზიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის თანამშრომლებს.
ეს ტრენინგები მიზნად ისახავს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და დამწყები ქართველი სპეციალისტებისა და პროფესიონალთათვის მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას აუტიზმის საკითხებზე.