ჩვენ შესახებ

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2014 წლის 24 იანვარს დაარსდა. ინსტიტუტი წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.

ინსტიტუტის მისიაა:

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა კვლევების, მათ შორის მულტი- და ინტერდისციპლინური, გენერირებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა შეფასება და აბილიტაცია;
ბ) ადრეული განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ან რისკ-ჯგუფში მყოფი ბავშვების უზრუნველყოფა შესაბამისი განმავითარებელი ინდივიდური და ჯგუფური აქტივობებით, რასაც თან ახლავს მშობლის/მეურვის გაძლიერებ აბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში;
გ) სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებში შრომითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
დ) ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა განათლების ყველა საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობით;
ე) სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც მოიცავს მოზრდილთა განათლების სხვადასხვა ეტაპის კომპონენტებს, როგორიცაა სტუდენტების პრაქტიკა, სპეციალისტების მომზადება, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ტრენინგისა თუ სუპერვიზიის გამოყენებით;
ვ) ინსტიტუტის ცენტრებისა და პროგრამების ბენეფიციარების ინტერესების ადვოკატირება;
ზ) ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში ახალი მიმართულებების, მეთოდების და პრაქტიკის კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა, მათ შორის ქცევით-ემოციური განვითარების პროგრამის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იპოთერაპიის, სენსორული თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიისა და ა.შ.;
თ) უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებთან, ინსტიტუტებთან და ცენტრებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.

მომავალში:

- ინსტიტუტმა უნდა იფუნქციონიროს, როგორც სასწავლო ბაზამ და ხელი შეუწყოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტების მომზადებას და პრაქტიკოსი სპეციალისტების გადამზადებას.

- ინსტიტუტი უნდა გადაიქცეს სრულფასოვან ადგილობრივ და საერთაშორისო ცენტრად ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კუთხით წარმოებული კვლევების, განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დარგში.

ამჯერად ინსტიტუტი აერთიანებს შემდეგ ცენტრებს:

  • სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი
  • განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი
  • ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი
  • აუტიზმის ცენტრი

აღნიშნულ ცენტრებში შესაბამის სერვისს იღებს 180-მდე ბენეფიციარი.